როგორ მოიქცეოდა ისრაელი ოთხოზორია და ტატუნაშვილი ებრაელები რომ ყოფილიყვნენ?

ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ, ეს ძველი ამბავი გამახსენა. ხშირად მახსენდება ეს ამბავი, იქამდე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მერეც გავიხსენე…

ამბავი 46 წლის წინ მოხდა და ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილზე მოკლედ და მშრალად გიამბობთ, მეორეზე – უფრო ვრცლად.

 

პირველი ნაწილი

1972 წელს, მიუნხენში, ოლიმპიური თამაშების დროს პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის დელეგაციის 11 წევრი მოკლეს – 4 მწვრთნელი, 5 სპორტსმენი და 2 მსაჯი.

სპეცოპერაციისას მოკლეს 5 ტერორისტი, 3 კი დააკავეს. თუმცა ტერორისტების თანამოაზრეებმა დასავლეთ გერმანიაში ლუფთჰანზას თვითმფრინავი გაიტაცეს და, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ტერორისტების გაშვება მოითხოვეს. დასავლეთ გერმანიის მთავრობამ ებრაელების მკვლელი ტერორისტები სასწრაფოდ გაათავისუფლა.

 

გოლდა მეირი

მეორე ნაწილი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა მოსადს საიდუმლო ბრძანება მისცა: მოძებნეთ და გაანადგურეთ ებრაელი ოლიმპიელების მკვლელობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი!

საიდუმლო ოპერაცია ღმერთის მრისხანების მიზნად ტერაქტთან პირდაპირი და ირიბი კავშირის მქონე 13 პირის მოკვლა გამოცხადდა. ოპერაციის მომზადება დაევალა საგარეო დაზვერვის სამსახურ მოსადს. უშუალო შესრულება კი სპეცრაზმებს – საიერეთ მატკალს, შაიეტეტ 13-ს, ცანხანიმს და ნახალს.

30 ებრაელი კომანდოსი პალესტინელი ბოევიკების და სამოქალაქო ტანსაცმლით, მოტორიანი რეზინის ნავებით, ბეირუთის სიახლოვეს, თეთრი ქვიშის სანაპიროზე გადმოსხდა. იქ მათ მოსადის აგენტები ნაქირავები მანქანებით ელოდნენ.

1973 წლის 9 აპრილის იმ ღამეს მოკლეს 14 პირი. მათ შორის 2 ლიბანელი პოლიციელი და ერთ-ერთი ტერორისტის ცოლი. დაიღუპა 2 ებრაელი სპეცრაზმელი. ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ისრაელის ახლანდელი პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა, იონი ნეთანიაჰუ იყო.

ოპერაციამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.

საბოლოოდ, მიუნხენის ტერაქტზე პასუხისმგებელი ადამიანებიდან საკუთარი სიკვდილით მხოლოდ ერთი მოკვდა. კიდევ ერთის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ისტორია აი, ასეთია.

მოსადის ღერბი

მისღებია თუ არა  სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური მკვლელობების შეკვეთა? შეიძლება თუ არა ამის სამართლიანობის აღსრულებად შეფასება, თუკი სასიკვდილო განაჩენი სასამართლოს გარეშე აღსრულდა?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მაგალითისთვის ამ ოპერაციის შესრულებაზე მთავარი ზედამხედველი პირის, გენერალ აარონ იუარივის მოსაზრებას შემოგთავაზებთ.

პარალელების გავლება კი – როგორ ექცევა ებრაული სახელმწიფო ებრაელის მკვლელს და ქართული სახელმწიფო ქართველის მკვლელს – თქვენი უფლებაა.

ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა. ჩვენ ისინი უნდა შეგვეჩერებინა და სხვა გზა არ არსებობდა. ჩვენ არ ვამაყობთ ამით, მაგრამ ეს აუცილებლობის საკითხი იყო. ჩვენ ძველ ბიბლიურ პრინციპს მივუბრუნდით: თვალი თვალის წილ… მე ამ პრობლემას არა მორალის, არამედ ღირებულების და სარგებლის თვალსაზრისით ვუყურებ – მესმის, რომ ეს მძიმედ ჟღერს.

რა პოლიტიკური სარგებელი შეიძლება მიიღო ადამიანის მკვლელობით? მიგვაახლოვებს თუ არა ეს მშვიდობასთან? მიგვიყვანს თუ არა ეს ჩვენ და პალესტინელებს ურთერთგაგებასთან? ვფიქრობ, რომ უმეტეს შემთხვევებში – არა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არჩევანი არ გაგვაჩნდა და ამან იმუშავა. მისაღებია თუ არა ეს ყველაფერი მორალური თვალსაზრისით? ამ საკითხზე შეიძლება ვიმსჯელოთ. აუცილებელი იყო თუ არა ეს პოლიტიკური თავსაზრისით? დიახ!

გენერალი აარონ იარივი

Please follow and like us:
Total 44 Votes
2

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როლან დ'არბანი

ცინიკოსია. ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა აღარ არის. ამ საიტის ავტორებიდან ყველაზე ასაკიანია. ადრე, ახალგაზრდობაში, განძის პოვნაზე ოცნებობდა, რაც უზრუნველად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. განძი ვერ იპოვა და კაცმა რომ თქვას, ძებნით თავიც არ შეუწუხებია. მერე მიხვდა, რომ ცხოვრებაში სასწაულები არ ხდება და თუ მაინც მოხდა, კარგს არაფერს მოასწავებს. განა სასწაული მხოლოდ კარგის მოხდენას ნიშნავს?

1 thought on “როგორ მოიქცეოდა ისრაელი ოთხოზორია და ტატუნაშვილი ებრაელები რომ ყოფილიყვნენ?

Leave a Reply

Your email address will not be published.