ერთი ფოტოს კვალდაკვალ – რატომ გვიმტკიცებენ, რომ ცუდები ვართ?

რამდენიმე დღის წინ, 26 თებერვალს, FB-ზე ხეტიალისას აი, ამ ფოტოს გადავაწყდი. ფოტოს დედააზრი მარტივი და ნათელია – აი, ეს ვართ ქართველები… ეს ფოტო ნიმუშად გამოვიყენოთ, თორემ ამ ტიპის ფოტოები ინტერნეტში მრავლად ვრცელდება…

აზრი, რომ ქართველები ასეთი უღირსები ვართ, გაიზიარა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამ წერილის დაწერის მომენტში ფოტოს აქვს 4058 შეარი და 327 angry (გაბრაზებული ლაიქი), კომენტარების დათვლა, კი, სიმართლე გითხრათ, დამეზარა. სამაგიეროდ არ დავიზარე და ზედა, „პატრიოტულ“ ფოტოზე ადამიანები დავთვალე – მათი რადენობა 34-ია, ერთ პოლიციელს და შემთხვევით გამვლელს, ცხადია, არ ვათვლი.

ერთხელაც გავიმეორებ: აქციაზე მივიდა 34 ადამიანი, 4 ათასმა კი უკიდურესი აღშფოთება გამოხატა, რატომ მეტი ხალხი არ მივიდაო. ეს ის 4 ათასი ადამიანია, რომლებიც აქციაზე თავად არ ყოფილან, მაგრამ თვლიან, რომ დანარჩენი ქართველები იქ აუცილებლად უნდა მისულიყვნენ.

შესაძლოა, ამ 4 ათას ადამიანს შორის თქვენც ხართ და გთხოვთ გაიზროთ, რომ სხვებისგან მოითხოვთ იმას, რაც თავად თქვენ არ გააკეთეთ. გულახდილობისთვის ბოდიშს გიხდით.

ახლა მოდი, საკითხი, სხვაგვარად დავაყენოთ. იცოდით თუ არა, რომ  არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით თურმე რუსთაველზე  აქცია ჩატარებულა? მე არ ვიცოდი. დიდი ეჭვი მაქვს, არც თქვენ. პირდაპირ ვთქვათ – არავინ იცოდა. და თუ აქციის ორგანიზატორებს არ უზრუნიათ იმაზე, რომ სპონტანურად შეკრების ამბავი საძმაკაცოს გარდა სხვებისთვისაც შეეტყობინებინათ, ამაზე საზოგადოებას რატომ უნდა დავატეხოთ რისხვა?

ქვედა ფოტოზეც ვთქვათ. რატომ ვაპირისპირებთ ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან? რატომ გვგონია, რომ არ შეიძლება ადამიანმა ერთდროულად პიროვნული თავისუფლებისთვისაც იბრძოლოს და ოკუპაციაც გააპროტესტოს? რატომ გვგონია, რომ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ მარიხუანას მოწევისთვის ადამიანებს ციხეში არ ყრიდნენ, სხვებზე ცუდი ქართველები არიან? სხვებზე ნაკლებად უყვათ სამშობლო? და ფრთხილად დავსვამ კითხვას: ამ ტიპის ფოტოების და პოსტების გავრცელება სინამდვილეში საზოგადოების ერთი ჯგუფის წინააღმდეგ მკვეთრად უარყოფითი აზრის შექმნას ხომ არ ისახავს მიზნად?

ბოლოს ორიოდე სიტყვა პრაგმატიზმზე. მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ აქცია ამ მოთხოვნით სწორედ პარლამენტის წინ ტარდება. რაც შეეხება, ცხონებული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, ხომ ვხვდებით, ეს საკითხი რუსთაველზე რომ არ წყდება?

P.S. ამ წერილის ავტორს არასდროს გაუსინჯავს ინტოვენური, საყლაპავი თუ საყნოსი ნარკოტიკი. რაც შეეხება მოსაწევს, სიგარეტსაც არ ეწევა და სხვებსაც ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს, თუმცა თვლის, რომ მოხმარებისთვის დაჭერა, არაადამიანური საქციელია.

Please follow and like us:
Total 5 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როლან დ'არბანი

ცინიკოსია. ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა აღარ არის. ამ საიტის ავტორებიდან ყველაზე ასაკიანია. ადრე, ახალგაზრდობაში, განძის პოვნაზე ოცნებობდა, რაც უზრუნველად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. განძი ვერ იპოვა და კაცმა რომ თქვას, ძებნით თავიც არ შეუწუხებია. მერე მიხვდა, რომ ცხოვრებაში სასწაულები არ ხდება და თუ მაინც მოხდა, კარგს არაფერს მოასწავებს. განა სასწაული მხოლოდ კარგის მოხდენას ნიშნავს?

1 thought on “ერთი ფოტოს კვალდაკვალ – რატომ გვიმტკიცებენ, რომ ცუდები ვართ?

Leave a Reply

Your email address will not be published.