100 რაკეტა ასადს – ამერიკამ სირია დაბომბა

შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

რესპუბლიკური გვარდიის შტაბი დამასკოში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა დამასკოში კასიუნის მთაზე, დამასკოს მეზას აეროპორტი, აღმოსავლეთ გუტაში ად-დუმეირის აეროპორტი, სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი დამასკოში, ჯამრაიას სამეცნიერო ცენტრი, 41-ე სპეცდანიშნულების ბატალიონი დამასკოს გარეუბანში, სამხედრო დანაყოფი კალამუნში, სამხედრო ობიექტი კისვში, სამხედრო საწყობები ჰომსის პროვინციაში – ეს ის ობიექტებია, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე დღის წინ ნახსენები ჭკვიანი რაკეტებით დაბომბეს.

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

თანამემამულე ამერიკელებო, ახლახანს მე მივეცი ბრძანება შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, მიიტანონ წერტილოვანი იერიში სამიზნეებზე, რომლებიც სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადის ქიმიურ იარაღთან არის დაკავშირებული. ამ მომენტისთვის ხორციელდება ერთობლივი სამხედრო ოპერაცია საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენ მადლობას ვუხდით ამ სახელმწიფოებს.

განცხადება გაკეთდა დაუნინგ სტრიტზეც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ სირიის ჰომსის პროვინციაში არსებუილი სამხედრო საწყობების გასანადგურებლად 4 თვითმფრინავი გაგზავნა.

ტერეზა მეი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

რუსებმა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლითაც ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ამიტომ  პრაქტიკულად არ დარჩა ალტერნატივა, გარდა სამხედრო ძალის გამოყენებისა, რათა დავასუსტოთ სირიის რეჟიმი.

პენტაგონის შეფმა, გენერალმა ჯეიმს მეტისმა დაადასტურა, რომ, იერიშს ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა და ახლო მომავალში დამატებითი იერიშები აღარ იგეგმება. ამასთანავე მეტისმა დაადასტურა, რომ ამჯერად ორჯერ მეტი რაკეტა გამოიყენეს, ვიდერ ზუსტად  ერთი წლის წინანდელი იერიშისას.

ჯეიმს მეტისი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

საღამოს 9 საათზე ჩვენი დროით შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად იერიში მიიტანეს სირიის ობიექტებზე, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ქიმური იარაღის წარმოებასთან. ჩვენი პირველი სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია იყო. ჩვენ ობიექტები იმგვარად შევარჩიეთ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმალიზება მოგვეხდინა.

სირიის სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანა გამოწვევაა მოსკოვისთვისაც. კრემლში იმუქრებოდნენ, რომ თუკი ტრამპი დაბომბვის ბრძანებას გასცემდა, რუსი სამხედროები ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებდნენ. სირიის სამთავრობო მედია ირწმუნება, რომ ამერიკული რაკეტების ნაწილის ჩამოგდება მათ მართლაც მოახერხეს, თუმცა ამის არანაირი ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. დონალდ ტრამპმა კი ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ მიმართა.

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

მე მაქვს შეტყობინება ორი მთავრობისთვის, რომლებსაც  ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ასადის რეჟიმის მხარდაჭერისთვის, შეიარაღებისთვის და ფინანსირებისთვის. მე მაქვს კითხვები ირანთან და რუსეთთან: რას წარმოადგენს ქვეყანა, რომელსაც სურს დაკავშირებული იყოს უდანაშაულო კაცების, ქალების და ბავშვების მკვლელობასთან? 2013 წელს პრეზიდენტი პუტინი და მისი მთავრობა მსოფლიოს დაპირდა, რომ გარანტორი იქნებოდა სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებაზე. ასადის ბოლოდროინდელი იერიში პირდაპირი შედეგია იმისა, რომ რუსეთმა დაპირება არ შეასრულა. ახლა რუსეთმა უნდა გადაწყვიტროს, გააგრძელებს სიარულს ბნელ მხარეს, თუ შემოუერთდება ცივილიზებულ ერებს და მშვიდობას. იმედი მაქვს, ოდესმე  ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას რუსეთთან და შესაძლოა ირანთანაც, თუმცა შეიძლება ეს ასე არც მოხდეს.

სარაკეტო შეტევას უკვე მოჰყვა პირველი გამოხმაურებები. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამერიკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ქმედებებს. დონალდ ტრამპის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა რუსეთის ყველაზე დიდმა კრიტიკოსმა ამერიკის კონგრესში, სენატორმა ჯომ მაკკეინმა.

ჯონ მაკკეინი, სენატორი

მე ტაშს ვუკრავ პრეზიდენტს იმისთის, რომ მან სამხედრო მოქმედებები ჩაატარა ასადის რეჟიმის წინააღდეგ. მე მადლიერი ვარ ჩვენი ბრიტანელი და ფრანგი მოკავშირეების, რომ ისინიც შემოუერთდნენ ამ ქმედებებს.

რუსეთმა კოალიციის სარაკეტო იერიში დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაწერა, რომ ამერიკელებმა სირიაზე იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ამ ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების შანსი მიეცა. ბოლო ინფორმაციით, სულ სირიის სამთავრობო და სამხედრო ობიექტები 100 რაკეტით დაბომბეს.  სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო 3 ამერიკული სამხედრო გემი, რომლებიდანაც ტომოჰავკები გაუშვეს, B-1 ტიპის ბომბდამშენები, ასევე ფრანგული და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებმაც შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენეს, ასევე ბრიტანული წყალქვეშა ნავი, რომლდანაც ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

 

Please follow and like us:
Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია

Leave a Reply

Your email address will not be published.