თვითმკვლელობა, როგორც უფლება და მისი ეთიკური მხარე /VIDEO/

104 წლის ავსტრალიელი მეცნიერი დევიდ გუდოლი საკუთარ სახლს გამოეთხოვა და მსოფლიოს მეორე კუთხეში, სიკვდილთან შესახვედრად გაემგზავრა. ცნობილ ეკოლოგს და ბოტანიკოსს არანაირი მძიმე დაავადება არ სჭირს. ამის მიუხედავად, მან გადაწყვიტა სიკვდილის მოსვლა დაეჩქარებინა. გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტად ხდება დამოკიდებული გარშემო მყოფებზე.

დევიდ გუდოლი

ვწუხვარ, რომ ასეთ ღრმა მოხუცებულობამდე ვიცოცხლე. მე ბედნიერი არ ვარ. სიკვდილი მინდა. ეს არც ისე სამწუხაროა, მაგრამ აქ მე ამის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ.

სუიციდი ექიმთა დახმარებით, ავსტრალიის მხოლოდ ერთ შტატშია ნებადართული და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს უკურნებელი ავადმყოფობის დიაგნოზს დაუსვამენ. სხვა შტატებში ექიმთა დახმარებით სუიციდი აკრძალულია. გუდოლს კი არანაირი უკურნებელი სენი არ სჭირს, მას მხოლოდ სიბერე აწუხებს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, სიბერეც ხომ უკურნებელი რამაა.

დევიდ გუდოლი სოცოცხლეს შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში დაასრულებს. მან თქვა, რომ სახლის დატოვება უმძიმდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მეცნიერი, რომელიც 104 წლის წინ ლონდონში დაიბადა, ავსტრალიის ქალაქ პერთში, პატარა ბინაში ცხოვრობდა. 1979 წელს მან პედაგოგიური საქმიანობა დაასრულა, თუმცა სამეცნიერო საქმიანობა განაგრძო.

ასე გამოეთხოვა დევიდს შვილიშვილი პერთის აეროპორტში

ბოლო წლებში გუდოლი 30-ტომიანი სამეცნიერო სერიის, „მსოფლიოს ეკოსისტემების“ რედაქტირებით იყო დაკავებული. სამეცნიერო მიღწევებისთვის ის ავსტრალიის ორდენითაც დააჯილდოვეს.

2016 წელს, 102 წლის ასაკში, მან ედიტ კოუენის უნივერსიტეტში საპატიო მეცნიერ-მუშაკის სტატუსით მუშაობის უფლება მიიღო.

მეცნიერი შვეიცარიაში კეროლ ო’ნილთან ერთად გაემგზავრა. ეს ქალი ორგანიზაცია Exit International-ს წარმოადგენს. ეს ორგანიზაცია სწორედ ასისტირებული სუიციდის მხარდაჭერით გამოდის.

კეროლ ო’ნილი ამბობს, რომ 2016 წლის გარჩევა, უნდა მიეცათ თუ არა 102 წლის მეცნიერისთვის მუშაობის უფლება, დევიდის ფსიქოლოგიურ განწყობაზე მძიმედ აისახა. უნივერისიტეტის ადმინისტრაციის შეშფოთებას ის გარემოება იწვევდა, როგორ მოახერხებდა 102 წლის კაცი სამსახურში უსაფრთხოდ სიარულს. მით უმეტეს, რომ დევიდს, მისი და გარშემომყოფთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით, მანქანის მართვის მოწმობაც ჩამოართვეს.

კეროლ ო’ნილი

ეს დასასრულის დასწყისი გახდა. მას უკვე აღარ შეეძლო კოლეგებს და მეგობრებს ძველ ოფისში შეხვედროდა. მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ამ პერიოდიდან მან ბედნიერების განცდა დაკარგა.

დევიდ გუდოლის გადაწყვეტილებაზე გავლენა აპრილში მომხდარმა შემთხვევამაც იქონია. ის თავის ბინაში დაეცა. ახლობლებმა განგაში მხოლოდ 2 დღის შემდეგ ატეხეს. ექიმებმა კი განაცხადეს, რომ მოხუცს მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებოდა და მოხუცთა სახლში გადასვლა შესთავაზეს.

კეროლ ო’ნილი

ის დამოუკიდებელი ადამიანია, მას არ სჭირდება, რომ გვერდით ვიღაც უცნობი ადამიანები ჰყავდეს.

შვეიცარიაში საექიმო დახმარებით სუიციდი 1942 წლიდანაა დაშვებული. მას მერე მსგავსი კანონი ბევრ სხვა ქვეყანაშიც მიიღეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში მსგავსი პრაქტიკის გამოსაყენებლად სავალდებულო პირობა უკურნებელი სენით ავადმყოფობაა. მედიკოსთა ნაწილი ამგვარ პრაქტიკას არაეთიკურად მიიჩნევს.

 

რა არის და კიდევ სად არის ნებადართული ასისტირებული სუიციდი?

  • ასისტირებულ სუიციდად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც მეორე ადამიანს თვითმკვლელობაში დაეხმარება.
  • ეს პროცესი ევთანაზიისგან განსხვავდება. ევთანაზიის შემთხვევაში ადამიანის სიცოხლეს მესამე მხარე წყვეტს.
  • შვეიცარიაში ასისტირებული სუიციდი იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუკი ასისტენტი მერკანტილური ინტერსებით არ მოქმედებს.
  • ამასთანავე შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა, სადავ ამგვარ მომსახურებას უცხოელებს უწევენ.
  • ევთანაზია და ასისტირებული სუიციდი ასევე ნებადართულია, ამერიკის ექვს შტატში და კოლუმბიის ოლქში, კანადის კვებეკის პროვინციაში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. ნიდერლანდებსა და ბელგიაში განსაკუთრებულ შემთხვებებში ამგვარ პრაქტიკას არასრულწლოვანებიც მიმართავენ.

მაიკლ გენონი, ავსტრალიის ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე

ექიმები არ უნდა კლავდნენ ადამიანებს ეს ჩვენს ეთიკაშია ჩადებული, ჩვენ თავიდანვე ვისწავლეთ, რომ ეს არასწორია, მაგრამ ყველა ექიმი არ ეთანხმება ამას.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ავსტრალიის ექიმთა ასოციაციის 40 პროცენტი ადამიანის „სიკვდილზე უფლებას“ აღიარებს.

კეროლ ო’ნილი

დევიდ გუდოლს ცხოვრებიდან პირვე რიგში ღირსეულად წასვლა უნდა. ის არ არის დათრგუნული, არ აქვს დეპრესია, მაგრამ მასში ის ნაპერწკალი ჩაქრა, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჰქონდა.

მოხალისეებმა ინტერნეტით დევიდს 15 ათასი დოლარი შეუგროვეს და  ევროპაში ბიზნეს-კლასის სალონით გაამგზავრეს. თავდაპირველად ის საფრანგეთში თავის ნათესავებს მოინახულებს, რის მერეც მათთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრება.

დევიდ გუდოლი

ჩემს ოჯახს ესმის, რამდენად არადამაკმაყოფილებელია ჩემი ცხოვრება აქ. არადამაკმაყოფილებელია თითქმის ყველა ასპექტში. რაც უფრო მალე დასრულდება ასეთი ცხოვრება, მით უკეთესი.

კეროლ ო’ნილი ამბობს, რომ ბოლო დღეებში, დევიდი თავის ძველ წერილებს ათვალიერებს და მრავალრიცხოვან შვილიშვილებს ეურთიერთება.

როგორ ხდება ეს?

პაციენტი იძინებს. მისი კუნთები, მათ შორის გულის – თანდათანობით დუნდება. ნახევარი წუთის შემდეგ ადამიანი სხვა, შეუცნობელ და ეგებ, უკეთეს სამყაროში გადადის.

 

ახლა, როცა თქვენ ამ ისტორიას გაეცანით, მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში. მისაღებია თუ არა თქვენთვის ცხოვრების ამგვარი ფორმით დასრულება, თუნდაც განსაკუთრებულ შემთხვევებში.

Please follow and like us:
Total 5 Votes
1

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როლან დ'არბანი

ცინიკოსია. ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა აღარ არის. ამ საიტის ავტორებიდან ყველაზე ასაკიანია. ადრე, ახალგაზრდობაში, განძის პოვნაზე ოცნებობდა, რაც უზრუნველად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. განძი ვერ იპოვა და კაცმა რომ თქვას, ძებნით თავიც არ შეუწუხებია. მერე მიხვდა, რომ ცხოვრებაში სასწაულები არ ხდება და თუ მაინც მოხდა, კარგს არაფერს მოასწავებს. განა სასწაული მხოლოდ კარგის მოხდენას ნიშნავს?

Leave a Reply

Your email address will not be published.