ვინ როგორ დაწერდა წითელქუდას

📌 ერიხ მარია რემარკი

– მოდი ჩემთან – უთხრა მგელმა.

წითელქუდამ ორი სირჩა კონიაკით შეავსო და მგელის საწოლზე ჩამოჯდა. ოთახში კონიაკის ნაცნობი არომატი დატრიალდა. ამ არომატში იგრძნობოდა ნაღველიც და დაღლილობაც. კონიაკი იყო თვით ცხოვრება.

– რა თქმა უნდა – თქვა წითელქუდამ – რისი იმედი უნდა გქვონდეს? ჩვენ არ გვაქვს მომავალი.

მგელს პასუხი არ გაუცია. იცოდა, რომ წითელქუდა მართალი იყო.

📌 ჯეკ ლონდონი

ის თავისი რასის ღირსეული შვილი იყო. მის ძარღვებში ჩქეფდა ჩრდილოეთის დამპყრობელთა ძლიერი სისხლი. ამიტომაც, თვალიც არ დაუხამხამებია, ისე ეცა მგელს და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. მგელი გაიქცა. ის კი, წითელქუდა, უყურებდა და იღიმებოდა თავისი მომხიბვლელი ქალური ღიმილით.

📌 გაბრიელ გარსია მარკესი

გაივლის ბევრი წელი და მგელი, დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი, იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როდესაც ბებიამ დარიშხანიანი ტორტის იმხელა ნაჭერი შეჭამა, რამდენიც უამრავი ვირთხის მოსაკლავად იქნებოდა საკმარისი. მაგრამ ბებია არ კვდებოდა და შუაღამემდე უკრავდა როიალზე. ორი კვირის შემდეგ მგელი და წითელქუდა აუტანელი ბებრის სახლის აფეთქებას შეეცადნენ. ისინი გულშეკუმშულები მისჩერებოდნენ როგორ მიყვებოდა ცისფერი ალი დეტონატორის მავთულს. ორივემ ყურებზე აიფარა ხელები, მაგრამ ეს არ ყოფილა საჭირო, რადგან არანაირი ხმა არ გაისმა. როდესაც ბოლოს წითელქუდამ მკვდარი ბებიის დანახვის მოლოდინით შიგნით შესვლა გაბედა, ბებიაში საკმარისზე მეტი სიცოცხლე დაინახა. ბებერი, დაფლეთილი ღამის პერანგით და შეტრუსული პარიკით, აქეთ-იქით დარბოდა და გადასაფარებლით ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა.

📌 ხარუკი მურაკამი

როდესაც გამეღვიძა, წითელქუდას ჯერ კიდევ ეძინა. ერთი მეორეს მიყოლებით 7 სიგარეტი მოვწიე, მერე სამზარეულოში გავედი და საუზმის მომზადებას შევუდექი. საუზმეს ყოველთვის გულმოდგინედ ვამზადებ და ვერ ვიტან, როცა ვინმე ამ დროს ხელს მიშლის. რადიოში პინკ ფლოიდს გადმოსცემდნენ. საუზმე თითქმის მზად იყო, როდესაც კარზე ზარი დარეკეს. გასაღებად წავედი, გზად ოთახში შევიხედე. წითელქუდას ჯერ კიდევ ეძინა. მისი სილამაზით ვტკბებოდი. სახეს დილის მზე უნათებდა. ცხოვრებაში არასდროს მენახა ასეთი ლამაზი სახე…. კარი გავაღე და მგელი დავინახე. გონებაში უცბათ კრავი ამომიტივტივდა.

📌 ილფი & პეტროვი

თორმეტის ნახევარზე ჩრდილო-დასავლეთიდან, სოფელ ჩმაროვკის მხრიდან, სტარგოროდში შემოვიდა ახალგაზრდა ბანოვანი 28 წლის. მას მოსდევდა უპატრონო რუხი მგელი. – დეიდა! – მხიარულად ყვიროდა მგელი – მომეცი ღვეზელი! გოგონამ ჯიბიდან ვაშლი ამოიღო და მგელს გაუწოდა, მაგრამ მგელმა არ გამოართვა. მაშინ ქალიშვილი შეჩერდა, მგელს ირონიულად გახედა და უთხრა:

– იქნებ იმ ოთახის გასაღებიც მოგცე, სადაც ბებიას ძინავს?

📌 ვიქტორ ჰიუგო

წითელქუდა შეცბა. ის სრულიად მარტო იყო. სრულიად მარტო, როგორც ნემსი უდაბნოში, როგორც ქვიშის მარცვალი ვარსკვლავთა შორის, ვითარცა გლადიატორი შხამიან გველთა გარემოცვაში…

📌 ედგარ ალან პო

ვრცელი, პირქუში, საიდუმლოებით მოცული ვუალით შემოსილი ტყის განაპირას, რომელსაც ზემოდან დაჰყურებდნენ შავი ღრუბლები და სადაც ქარს თითქოს შორიდან მოჰქონდა მძიმე ბორკილების ყრუ ხმები, მისტიურ სახლში ცხოვრობდა წითელქუდა.

📌 ონორე დე ბალზაკი

მგელმა ბებიის სახლს მიაღწია და კარზე დააკაკუნა. ეს კარი გაკეთებული იყო მე-17 საუკუნის უცნობი ოსტატის მიერ. ის გამოჭრილი იყო იმ დროისთვის მოდური კანადური მუხისგან. ოსტატს მისთვის მიეცა კლასიკური ფორმა და დაეკიდებინა რკინის ანჯამებზე, რომლებიც თავის დროზე ეგებ კარგადაც მუშაობდნენ, მაგრამ ახლა საზარლად ჭრიალებდნენ. კარს არ ჰქონდა არანაირი ორნამენტი. მხოლოდ მარჯვენა ქვედა კუთხეში მოჩანდა ერთი ნაფხაჭნი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ის დაეტოვებინა თვით სელესტენ დე შავარდს – მარია ანტუანეტას ფავორიტს და წითელქუდას ბებიის დიდ ბაბუას დედის ხაზით. სხვა მხრივ კი ეს კარი იყო სრულიად ჩვეულებრივი და მასზე დაწვრილებით შეჩერება არ ღირს.

 

გადმოაქართულა და ცოტა რაღაცე(ე)ბი თავის ჭკუაზე შეცვალა თედო ყორანაშვილმა

Please follow and like us:
Total 2 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: თედო ყორანაშვილი

მისი პროფესიის დასახელება რთულია. განა არ აქვს - პირიქით, მეტიმეტად ბევრი რამის სპეციალისტია. თანაც ისე კი არა, ყველაფრისტობას რომ იჩემებენ და სინამდვილეში არაფერს წარმოადგენენ. რასაც ჩაუჯდება, საფუძვლიანად შეისწავლის ხოლმე. მერე, იმდენი რამ აინტერესებს... მისი ერთი ასეთი ინტერესი მოგზაურობაა, ოღონდაც საქართველოში. ჰოდა, ამ საიტზეც გაიპიროვნა, უცხო ამბები თქვენი იყოს და ქართულს რაც ეხება, მე ავაწყობო.

4 thoughts on “ვინ როგორ დაწერდა წითელქუდას

    CCTV packages

    (August 17, 2018 - 7:52 pm)

    Thanks so much for the post.Thanks Again. Cool.

    Nhan dat hang thai lan ve Viet Nam

    (August 16, 2018 - 10:10 pm)

    “I cling on to listening to the newscast speak about receiving free online grant applications so I have been looking around for the best site to get one. Could you tell me please, where could i find some?”

    menage a trois strapon

    (August 15, 2018 - 5:16 pm)

    “Really enjoyed this post.Much thanks again. Great.”

Leave a Reply

Your email address will not be published.