სხვა რაკურსი – ალტერნატიული რეალობა

ხომ დაკვირვებიხართ, ერთი ამბავი როგორ შუქდება ორ სხვადასხვა მედიაში? აი, მაგალითად, როგორ შუქდება ერთი და იგივე მიტინგი ვთქვათ, რუსთავი 2-ზე და შალვა რამიშვილთან? რ2-ზე კადრში ზღვა ხალხი ჩანს, სამშობლოზე მოფიქრალი შთაგონებული სახეებით. შალვასთან კიდევ კანტიკუნტად მისიარულე ბომჟები ჩანან. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ კადრს როგორც გინდა, ისე დააყენებ და აჩვენებ.

თუმცა დავმშვიდდეთ. ასე მხოლოდ ჩვენთან არ არის. მიტინგები იქით იყოს და,  აი, მაგალითად, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ფოტო ავიღოთ, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ვინ მოთვლის, რამდენი მილიონი ნახვა დააგროვა.

ეს ფოტო კვებეკში, დიდი შვიდეულის სამიტზეა გადაღებული. აბა თუ გამოიცნობთ, რომელი ლიდერის პირადმა ფოტოგრაფმა გადაიღო ეს მართლა გენიალური კადრი? ფოტოს ავტორი ანგელა მერკელის ფოტოგრაფია, რომელმაც მშვენივრად აჩვენა, როგორი საქმიანი და მსოფლიოზე მოფიქრალია გერმანიის კანცლერი და როგორი გამოიმასქნებულია დონალდ ტრამპი.

გერმანული ვერსია

მაგრამ იმ დარბაზში, იმ დროს გერმანელი ფოტოგრაფის გარდა სხვებიც იყვნენ. მოდი, მათ ნამუშევრებსაც გადავხედოთ.

მაშ, ასე. აი ეს ფოტო დონალდ ტრამპის ფოტოგრაფმა გადაიღო. აქ ჩანს, როგორ  ტრიალებს მთელი სამყარო ამერიკის გარშემო და როგორ კეთილად უღიმიან პრეზიდენტს კანადის და იაპონიის პრემიერ მინისტრები.

ამერიკული ვერსია

ეს კი იგივე სცენის კანადური ვერსიაა. ხომ კარგად ჩანს, ვინც არის აქ მთავარი გმირი? მსოფლიო პრობლებაზე მოფიქრალი ლიდერები და ჯასტინ ტრიუდო, რომლისგანაც აშკარად მოდის ახალგაზრდული ენერგია.

კანადური ვერსია

აი, იტალიური ვერსიაც. აქ ტრამპი ფაქტობრივად არ ჩანს. სანაცვლოდ, იტალიის პრემიერია ფურცლებით ხელში, რაღაც დოკუმენტს გულმოდგინედ რომ ჩასცქერის.

იტალიური ვერსია

ერთი ვარიანტიც. დარწმუნებული ვარ, ერთი ცდით გამოიცნობთ, ვინ არის აქ მთავარი – ცხადია, ემანუელ მაკრონი.

ფრანგული ვერსია

აი, ასე. ერთ ამბავს ყველა თავისებურად ხედავს.

 

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როლან დ'არბანი

ცინიკოსია. ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა აღარ არის. ამ საიტის ავტორებიდან ყველაზე ასაკიანია. ადრე, ახალგაზრდობაში, განძის პოვნაზე ოცნებობდა, რაც უზრუნველად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. განძი ვერ იპოვა და კაცმა რომ თქვას, ძებნით თავიც არ შეუწუხებია. მერე მიხვდა, რომ ცხოვრებაში სასწაულები არ ხდება და თუ მაინც მოხდა, კარგს არაფერს მოასწავებს. განა სასწაული მხოლოდ კარგის მოხდენას ნიშნავს?